„არის მცდელობა, რომ იმ მანქანების მძღოლებისთვის, რომლებიც ხორბლის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, ალტერნატიული სფეროები იქნას მოძიებული“

ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარე ასევე წინასწარ ესაუბრა ამ საკითხზე სომეხ კოლეგებს და ისინი გაგებით მოეკიდნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. მაჭავარიანის თქმით, ამ საკითხზე სპეკულაციებისთვის „არანაირი სივრცე არ არსებობს“.

„ბოლო პერიოდში მედიაში საკმაოდ ხშირად ხდებოდა ხორბალთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა და მასთან დაკავშირებული რეპორტაჟები. მინდა გითხრათ, რომ ეს არის კარგად გათვლილი, სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. წელს არის უპრეცედენტო რაოდენობა ტურისტების, ისინი საზღვარს კვეთენ როგორც სახმელეთო, ისე სხვა გზებით, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტით შემოსულია უამრავი მსუბუქი მანქანა, მათ შორის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თქვენ თუ დააკვირდებით, იქ იყო კრიზისი შექმნილი. ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან და ვკარგავდით ძალიან სერიოზულ შემოსავლებს ტურიზმში. თუ თქვენ ნახავთ „რუსტურიზმის“ განცხადებას, ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აირიდონ თავიდან ის დისკომფორტი და მრავალკილომეტრიანი რიგები, რომელიც საქართველოს საზღვართან არსებობდა და თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. ამას გარდა, უამრავი ადამიანი თავიანთ ახლობლებს რეკომენდაციას უწევდა, რომ არ წასულიყო საქართველოს მიმართულებით. ამის დაშვება და ამასთან შეგუება მიუღებელია და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეზღუდა სატვირთო მანქანებით ხორბლის შემოტანა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო აცნობიერებს, რომ იმ მანქანის მძღოლებს, რომლებიც ამ ბიზნესით იყვნენ დაკავებული, შეექმნათ პრობლემა და არის მცდელობა, რომ ალტერნატიული სფეროები იქნას მოძიებული, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი ტრანსპორტით მომსახურების გაწევას.

„ძალიან სერიოზული ზიანი ადგებოდა ჩვენი ტურიზმის განვითარებას და ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი.