მეტი მოსავალი მეტი თავსატეხია?!

"გამოდის, აზერბაიჯანში გატანისთვის საბაჟო გადასახადს ჩემი ჯიბიდან იხდიან!"

დაახლოებით ორ კვირაში კახეთში "ატმის რთველი" დაიწყება. არაოფიციალური მონაცემებით, წლეულს საქართველოში 80 ათას ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან. შარშან ეს მაჩვენებელი 60 ათასი ტონა იყო. უხვი მოსავალი გლეხებსა და ფერმერებს მეტ საზრუნავს უჩენს - მალფუჭებადი პროდუქტი სწრაფად გაყიდვას მოითხოვს, გასაღების ბაზრის სიმწირე კი ფასს აგდებს და ატმის მწარმოებლებს აზარალებს.

თუ 2012 წელს ხარისხიანი ატმის გასაყიდი ფასი კახეთში 0,8-1,0 ლარს აღწევდა, შარშან 1 კგ ატამი 10-დან 60 თეთრის ფარგლებში იყიდებოდა. დაბალი ფასის გამო გლეხებს მოკრეფა არ უღირდათ და მოსავლის ნაწილი ხეებზე დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა აზერბაიჯანში ატმის ექსპორტი - 2012 წელს თუ საქართველოდან 934 ტონა ატამი გავიდა, მომდევნო წელს - უკვე 1.256 ტონა - ატმის ფასი წლიდან წლამდე მცირდებოდა, რასაც ატმის მომყვანები საბაჟოზე გაზრდილი გადასახადით ხსნიან.

სიმო ვარაზაშვილი, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზის მკვიდრი: "შარშან ძალიან იზარალა მოსახლეობამ, გვეშინია, წლეულსაც იგივე არ განმეორდეს. ადრეული ატმის კრეფა უკვე დაწყებულია, კილოგრამი 1-1,30 ლარად იყიდება. დაახლოებით ორ კვირაში ატმის მასობრივად კრეფა დაიწყება და ფასიც დაიწევს. დაახლოებით 200 ძირი ატამი მაქვს. შარშან 1 კგ 30-40 თეთრად გავყიდე. ძირითადად, სოფელ კაბალში მიმქონდა, იქიდან აზერბაიჯანელებს თავიანთ ქვეყანაში მიჰქონდათ. თუმცა, სეზონის დადგომასთან ერთად, იზრდება საზღვარზე ატმის განბაჟების ფასიც.

ამის გამო აზერბაიჯანელები შესასყიდ ფასს გვიგდებენ და გლეხიც იძულებულია, მათ პირობას დათანხმდეს, რადგან სხვა ბაზარი, ფაქტობრივად, არ არსებობს. შარშან გაწეული ხარჯიც ვერ დავფარე. დაახლოებით 400 ლარი დამიჯდა ატმის ბაღის მოვლა, მოსავალი კი ჯამში 150 ლარად გავყიდე.

თუ რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე გავა ატამი, ჩვენთვის დიდი შვება იქნება. ახლა წარმოებაც გაიხსნა, რომელიც ატამს მოსახლეობისგან ჩაიბარებს. მაგრამ ვინც უნდა იყოს ხილის შემსყიდველი - ადგილობრივი მეწარმე თუ უცხოელი მოვაჭრე, ხელსაყრელი ფასი უნდა შემოგვთავაზოს და არა ისეთი, რომ მოსავლის ჩაბარებას მისი გადაყრა გვერჩივნოს".

ალექსანდრე ბუთიაშვილი, ფერმერი:

"შარშან ვაშლატამას პირველი მოსავალი რომ დავკრიფე, დაახლოებით 300 კგ, მოგება 10 ლარი დამრჩა. შემდეგ საერთოდ დავანებე თავი და აღარც ვკრეფდი, არადა, 15 ტონამდე მოსავალი უნდა მიმეღო. ქარხნები ატამს არ იბარებდნენ. ადგილობრივი მოთხოვნა წარმოებას დიდად ჩამორჩება, აზერბაიჯანმა კი 1 კგ ატმის განბაჟების გადასახადი 20-დან 68 თეთრამდე გაზარდა. ამ 68 თეთრს აზერბაიჯანელი კი არ იხდის, არამედ ფასში მაკლებს. ადრე თუ 1 კგ-ში 1-1,20 ლარზე იყო ყაბულს, დღეს მაქსიმუმ 30 თეთრს მიხდის. გამოდის, რომ საბაჟო გადასახადს ჩემი ჯიბიდან იხდის.

რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში საწარმო გაიხსნა, რომელიც ადგილობრივებისგან ატამს ჩაიბარებს. თუ ასეა, ერთიანად უნდა ჩაიბარონ ყველა ხარისხის ატამი. ამ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს კიდეც, რომ 1 კგ-ში 30 თეთრი გადაგვიხადონ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. გლეხისა და ფერმერის საზრუნავი არ უნდა იყოს პროდუქციის ტრანსპორტირება. მეურნე ბაღიდან არ უნდა გამოდიოდეს. სარეალიზაციო რგოლი უნდა არსებობდეს, რომელიც ამ ყველაფერს მიხედავს. თუ ატმის გაყიდვის საქმე წლეულსაც არ მოგვარდება, ატმის ბაღს მთლიანად ამოვძირკვავ და ვენახს გავაშენებ. ამ პირობებში ატმის წარმოება წამგებიანია. ყურძენზე კი მოთხოვნა იზრდება და 1 კგ სულ ცოტა, 1 ლარად იყიდება".

საწარმო დაახლოებით ორ კვირაში ამოქმედდება

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამმუშავებელი საწარმო გაიხსნა. 2 ჰა ფართობზე გაშენებული საწარმო ორი ნაწილისგან შედგება, ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე - 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა. საწარმო ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე დააფასოებს და გაყიდის ვაშლს, ატამსა და ვაშლატამას. პროდუქტი რუსეთის, უკრაინის ბაზრებზე გავა. საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში შეიქმნა. კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 ათასი დოლარის 3%-იანი კრედიტი მიიღო.

ხილის გადამმუშავებელი ქარხანა პრემიერ-მინისტრმა გახსნა და ახალგახსნილმა საწარმომ სადემონსტრაციოდ 300 კილოგრამი ატამიც ჩაიბარა. თუმცა, მეორე დღეს საწარმოში მისულ "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლებს ქარხნის დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ საწარმო ჯერ არ მუშაობს, ხოლო ატმის პირველი პარტია ქარხნის მესვეურებმა, სპეციალურად პრემიერის ვიზიტისთვის ახლობლისგან ჩაიბარეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ საწარმო მაშინ გაიხსნება, როცა დაიწყება ატმის სეზონი (სავარაუდოდ, 20-25 რიცხვში). უწყებაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, რა ფასად ჩაიბარებენ ატამს, მათი თქმით, ფასს თავად არ დაადგენენ და მას ბაზარი დაარეგულირებს.

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”