აშშ-ში მარაგების ზრდამ ნავთობის ფასი შეამცირა

შეერთებულ შტატებში ნავთობის მარაგების ზრდის და ვენესუელაში ნავთობის მოპოვების სფეროში განხორციელებული ახალი ინვესტიციების მოლოდინის ფონზე, ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო.

დღეს შუადღისთვის ბრენტ მარკის ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 20 ცენტით, 75.75 დოლარამდე იყო შემცირებული, ამერიკული მსუბუქი ნედლის ბარელის ფასი კი მხოლოდ 10 ცენტით, 68.43 დოლარამდე შემცირდა.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირაში 38 000 ბარელით გაიზარდა და 405.7 მილიონ ბარელს მიაღწია. არადა, ბაზარი მარაგის კლების მოლოდინში იყო. დღეს ენერგიის საინფორმაციო ადმინისტრაცია (EIA), მარაგების სახელმწიფო სტატისტიკურ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

ანალიტიკოსების აზრით, ამერიკაში მარაგების ზრდის გარდა, ნავთობის ფასის შემცირებას ასევე იწვევს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვენესუელას ნავთობწარმოებაში მსხვილი ინვესტიციებია მოსალოდნელი. ეს ქვეყნის მიერ ნავთობის მოპოვებას და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე მიწოდებას გაზრდის.

ცნობისათვის, 2016 წლის შემდეგ, ვენესუელას ნავთობის დღიური მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, 1 მილიონ ბარელზე ნაკლებია. სახელმწიფო ნვთობკომპანია PDVSA ირწმუნება, რომ 430 მილიონი დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის მეშვეობითაც, 14 ჭაბურღილზე დღიური მოპოვების 640 ათასი ბარელით გაზრდას შეძლებს. მაგრამ ბევრი ანალიტიკოსი ეჭვობს, რომ ქვეყნის არასტაბილურობის გამო, ასეთი ინვესტიციის განხორციელება არარეალურია.

ვენესუელას გარდა, არასტაბილურობით გამოირჩევიან OPEC-ის სხვა ქვეყნები - ირანი (სანქციების გამო), ლიბია და ნიგერია. ამის მიუხედავად, „ბენკ ოფ ემერიკა მერილ ლინჩი“ თვლის, რომ წლის ბოლომდე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება გაიზრდება. და ეს კარტელის არაწევრი ქვეყნების, მათ შორის, შეერთებული შტატების ხარჯზე მოხდება.