„აგრიკომის“ დირექტორი - ხორბლის გადაზიდვაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორია - არც ერთ ცივილურ ქვეყანაში ხორბლის შეტანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით არ ხდება

ვფიქრობ, ხორბლის გადაზიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალიან თანამედროვე და სწორია, რადგან მიმაჩნია, რომ ხორბალი არის საქონელი, რომლის ტრადიციული შემოტანის გზები არის საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტი, - ამის შესახებ კომპანია „აგრიკომის“ დირექტორმა, ქეთევან კუბლაშვილმა განაცხადა.„ჩემი კომპანია გახლავთ ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი და ბაზარზე ვართ უკვე დიდი ხანია. ვართ ხორბლის შემომტანები უკვე 25 წელიწადია და ვსარგებლობთ სამივე ტრანსპორტით - როგორც სარკინიგზო, ისე სახმელეთო ტრანსპორტით და ავტომანქანებით. რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან თანამედროვე და სწორი გადაწყვეტილება, რადგან მიმაჩნია, რომ ხორბალი არის საქონელი, რომლის ტრადიციული შემოტანის გზები არის საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტი. არც ერთ ცივილურ ქვეყანაში ხორბლის შეტანა ავტოსატრანსპორტო საშუალებით არ ხდება. ჩემს კომპანიასაც შემოჰქონდა ლარსის გზით ხორბალი, მაშინ, როცა არსებობდა ეს გზა, ვინაიდამ ფასი იყო შედარებით საინტერესო, მაგრამ ძალიან ბევრს საუბრობენ ფასების მომატებაზე და ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ თუ ავიღებთ დასავლეთში ნებისმიერ წერტილს, ლარსიდან შემოტანილი ხორბლის დასავლეთში ჩატანა არის აბსურდი, რადგან გემით შემოტანილი ხორბალი გაცილებით საინტერესოა იმ წისქვილებისთვის, რომლებიც დასავლეთში მდებარეობს. ხორბლის ფასის გაძვირება არის შესაძლებელი და წელს არის მოსალოდნელი, თუმცა არა იმის გამო, რომ ლარსი დაიკეტება, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიოში მოსავალი ნაკლებია და ა.შ. ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო ფინანსთა სამინისტრომ, არის მისაღები“, - განაცხადა ქეთევან კუბლაშვილმა.

მისი განცხადებით, ამ მანქანებით შესაძლებელია ნებისმიერი ტვირთის გადატანა და შესაძლოა, არსებული სამანქანე პარკი მოემსახუროს შიდა გადაზიდვებს.

„აბსოლუტურად მესმის მათი გულის ტკივილი, რომლებიც ამბობენ, რომ ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი, თუმცა მე ამ საკითხს ასე არ ვუყურებ. სიღრმეში რომ ჩავიდეთ, აღნიშნულ ტრანსპორტს გადაზიდვების შესრულება შეუძლიათ. ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფო იზრუნებს მძღოლებისთვის მიმართულების მიცემაზე, თუმცა ფიზიკურად, ამ მანქანების ბაზარზე არსებობა ძალიან საინტერესო და აქტუალურია“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის დადგენილებით, სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კი დღეს გააკეთა განცხადება, რომ არის მცდელობა, მანქანების მძღოლებისთვის, რომლებიც ხორბლის ბიზნესით იყვნენ დაკავებული, ალტერნატიული დასაქმების სფეროები იქნას მოძიებული.