კახა კალაძე უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას ითხოვს

დედაქალაქის მერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის მინიჭების გამკაცრებას ითხოვს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, კანონპროექტი, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭებას ეხება, დღეს არსებულ „კარუსელის“ პრობლემას მოაგვარებს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს უცხოელების მიერ საქართველოში ბინადრობის მიღების უფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხი: კერძოდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება.

აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ღებულობს ერთწლიანი ბინადრობის უფლებას, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ანუ, ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას და შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებენ სხვა ადამიანებზე, ახორციელებენ „კარუსელს". ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის.

ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. ამ თემაზე მქონდა საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან,  ვესაუბრე კანონპროექტის ავტორებს - ილია წულაიას და გოჩა ენუქიძეს. ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, მაგრამ მერე გაასხვისა ქონება, დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ ამ კანონპროექტით „კარუსელის“ შესაძლებლობა უცხოელებს აღარ ექნებათ", - აღნიშნა თბილისის მერმა.