გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის 5-წლიან პერიოდში - 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლის შენახვაზე ჯამში, 7 428 033 ლარი დაიხარჯა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოთხოვილ ოფიციალურ მონაცემებშია აღნიშნული.
კერძოდ, ავლაბრის რეზიდენციის შენახვისას ყველაზე მეტი ხარჯი კომუნალურ გადასახადებზე მოდის. უფრო კონკრეტულად: 2014 წელს კომუნალურმა ხარჯმა 693 979 ლარი შეადგინა, 2015 წელს - 818 787 ლარი, 2016 წელს - 1 018 962 ლარი, 2017 წელს - 1 042 463 ლარი, ხოლო 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე - 446 113 ლარი. 2013 წლის დეკემბერში კი, რეზიდენციის კომუნალურმა ხარჯი 77 984 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ რეზიდენციის კომუნალურ ხარჯებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, გენერატორისთვის საწვავისა და შენობა-ნაგებობის, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავების ხარჯი შედის.
რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, ჯამში რეზიდენციის მომსახურების მიზნით 1 927 214 ლარის ანაზღაურება გაიცა, მათ შორის 2015, 2016 და 2017 წლებში 95 594 ლარის პრემია. 2018 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში კი, დანამატების სახით 15 023 ლარი დაიხარჯა.
გარდა ამისა, 2014, 2015, 2016, 2017 წლებში რემონტზე ჯამში 931 522 ლარი დაიხარჯა, 2018 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში კი ამ კუთხით ამ დროისთვის 18 003 ლარია დახარჯული.
2014 და 2015 წლებში პრეზიდენტის რეზიდენციაში ასევე კაპიტალური რემონტი ჩატარდა, რაზეც ჯამში 106 135 ლარი დაიხარჯა.