Aston Martin-მა IPO-ზე განაცხადი შეიტანა

ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Aston Martin Holdings Ltd აცხადებს, რომ აპირებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსების პროცესი (IPO) დაიწყოს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში წერია, შესაბამისი დოკუმენტები ფინანსურ ბაზრებზე ნორმების მაკონტროლებელ ორგანოში - Financial Conduct Authority, FCA უკვე გაგზავნილია.

როგორც Dow Jones ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, IPO-ს განმავლობაში შესაძლოა, გაიყიდოს 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მოცულობის აქციები, თავად კომპანია კი შესაძლოა, შეფასდეს 5 მილიარდ გირვანქად.

ამასთან, კომპანიამ უკვე წარმოადგინა მიმდინარე ფინანსური წლის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ მისი მოგება 14%-ით - 106 მილიონ გირვანქამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავლები 8%-ით - 445 მილიონ გირვანქამდე.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ კომპანიის ავტომობილების გაყიდვები 2017 წელს პირველად 2008 წლის შემდეგ გაიზარდა და 5 ათას ერთეულს გასცდა. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს კროსოვერის DBX-ის წარმოებას, რამაც წესით ინვესტორების დაინტერესება უნდა გამოიწვიოს.

Aston Martin 1913 წელს დაარსდა. მას დიდება ასევე ჯეიმს ბონდის ფილმებში მისი ავტომობილების გადაღებამაც მოუტანა. 1994-2007 წლებში კომპანია ეკუთვნოდა Ford Motor Co.-ს, ხოლო ამ მომენტისთვის მას ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს იტალიურ InvestIndustrial-თან ერთად.

კოკა კვირკველია