საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების და გულგრილობის ფაქტებზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ - ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაკვეთით, სოფელ ფონიჭალაში ბაგა-ბაღის შენობის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა.
„მან უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 267 488 ლარს.
გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა დაქირავებულ საზედამხედველო კომპანიას, რომლის წარმომადგენლებმაც, თავის მხრივ, არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები. მათ ისე დაამოწმეს დოკუმენტები, რომ არ მოახდინეს ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობების ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან შედარება. აღნიშნულმა ქმედებამ, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და შესაბამისად, განაპირობა თანხის მოტყუებით დაუფლება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.