"გაზპრომმა" უკრაინას შესაძლოა, გაზი დღეს შეუწყვიტოს

უკრაინის, ევროკომისიისა და რუსეთის წარმომადგენლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

რუსული "გაზპრომის" განცხადებით, თუ უკრაინა დღეს, ადგილობრივი დროით 10 საათისთვის რუსული მხარის 1,95 მილიარდი დოლარის დავალიანებას არ დაფარავს, "გაზპრომი" უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, უკრაინის, ევროკომისიისა და რუსეთის წარმომადგენლებმა კიევში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ამასთან, უკრაინის "ნაფტოგაზის" დირექტორის, ანდრეი კობალიოვის განცხადებით, ევროკომისიის კომპრომისული ვარიანტი გულისხმობდა უკრაინისთვის რუსულ ბუნებრივ აირზე დროებითი ფასის შეთანხმებას 1 000 კუბურ მეტრ გაზზე 326 დოლარის ოდენობით.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი უკრაინას 1 000 კუბურ მეტრ გაზს 385 დოლარად სთავაზობს და ეს შეთავაზება საბოლოოა.