თბილისის 180 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 17 სექტემბერს განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, წელს პირველად სააღმზრდელო პროცესი 9 ახალ საბავშვო ბაღსა და ორ ახალ კორპუსში დაიწყება.
„არსებულ ბაღებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სურსათის უვნებლობის სააგენტოდან მიღებული რეკომენდაციებით კი 42 საბავშვო ბაღში სამზარეულოს განახლება და მათი შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსგან მივიღეთ დასკვნა, რომლის მიხედვითაც 2019 წლის დასაწყისიდან 11 ბაღის დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ ადგილზე ახლის მშენებლობა დაიწყება. წლის ბოლოს გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის ბაღი ექნება ამა თუ იმ რაიონს. ამ ბაღების საპროექტო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, წელს ასევე, სავარაუდოდ ოქტომბერ-ნოემბერში, 10 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება. ჯამში 2018-19 წლებში თბილისში 31 ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.
„აღსაზრდელების დამატებითი რეგისტრაცია ახლაც მიმდინარეობს. იგი 20 აგვისტოდან დაიწყო და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის შედეგად რეგისტრირებულთა ზუსტი რაოდენობა გვეცოდინება. ყოველწლიურად საშუალოდ 60 ათასამდე აღსაზრდელი გვყავს, რომელსაც შემდეგ ახალრეგისტრირებულთა რაოდენობა ემატება. საბავშვო ბაღების ჯგუფებში გადატვირთულობის პრობლემა, ვფიქრობთ, წელს შემსუბუქდება, მომავალ წელს კი გადატვირთულობას მაქსიმალურად შევამცირებთ“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა.