თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა მერიას იპოდრომის შესასვლელთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას სთხოვს

თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა იპოდრომის შესასვლელთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და მერიას მშენებლობის შეჩერების თხოვნით მიმართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები უკანონოდ დაიწყო. ადგილობრივი მოსახლე ამბობს, რომ მშენებლობის საძირკველი მაშინ ჩაისხა, როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობა გაასაჩივრა და მერიიდან მიიღო წერილი, რომ საჩივარი განიხილება. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ „ოტიუმთან“ მშენებლობის შეჩერების ფონზე, მერია ამ საკითხსაც მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვეტს.

„იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია ისედაც ძალიან დატვირთულია, აშენდა არაერთი მრავალსართულიანი კორპუსი და კიდევ ერთი სავარაუდოდ უკანონო მშენებლობა იგეგმება. ჩაისხა უკვე საძირკველი, მაშინ როდესაც ამის ნებართვა არ ჰქონდათ, ვინაიდან მშენებლობა გასაჩივრებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან და მერიიდან მოსული იყო წერილი, რომ ეს საჩივარი განიხილება. „ოტიუმთან“ გაჩერდა ერთ-ერთი პროექტი და იმედი გვაქვს მოსახლეობას, რომ იქნებ ამაზეც მოხდეს რეაგირება მერიის მხრიდან. მოსახლეობას გვაქვს კონკრეტული არგუმენტირებული ხედვა, თუ რატომ არ უნდა აშენდეს კორპუსი. იპოდრომის ტერიტორია, რომელიც ერთ-ერთი გამტარი იყო საჰაერო ზოლის, უკვე კარგავს ამ ფუნქციას მშენებლობების წყალობით“, - განაცხადა თამარაშვილის 13-ში მცხოვრებმა ერთ-ერთმა პირმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის პროტესტის ფონზე სამშენებლო კომპანია თავის მხრივ ცდილობს, რომ მშენებლობა დააკანონოს და ამიტომ მერიის მხრიდან ამ საკითხზე დროული რეაგირებაა საჭირო.