კერძო სადაზღვევო სექტორი საქართველოს მთავრობის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ეხება და მთავრობას ახალ შეთავაზებას სთავაზობს.
სადაზღვევო ასოციაცია და კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები დადებითად აფასებენ ღონისძიებებს, რაც გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისთვის იაფი წამლებით უზრუნველყოფას მოიცავს, თუმცა მათი აზრით, ეს საკმარისი არ არის.
"მთავრობის ბოლოდროინდელ ინიციატივებს, რომელიც მედიკამენტების მოხმარების ეფექტურობის გაზრდისა და ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასის დაწევისკენაა მიმართული, მივესალმებით, თუმცა ვთვლით, რომ ეს არაა საკმარისი- პრობლემა გაცილებით დიდია და მოსახლეობის ყველა ფენას მოიცავს, შესაბამისად, საკითხი სტრატეგიულ გადაწყვეტას მოითხოვს",- განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ზღუდავს ე.წ. დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობის 40%- ისთვის.
"პირველ ეტაპზე, მთავრობის მიერ ხსენებული შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში სადაზღვევო ინდუსტრია მზადაა შესთავაზოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი /დაშენებული პროდუქტები, რომელიც დააფინასებს მედიკამენტებს, რაც არ იფარება საყოველთაო პროგრამით. დააფინანსებს ამბულატორიული მომსახურებას სრულყოფილად, მათ შორის, მაღალტექნოლოგიურ კვლევებს. დააფინანსებს ჰოსპიტალურ მომსახურებას სრულად, დააფინანსებს სტომატოლოგიას",- აცხადებს ხეჩინაშვილი.