ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ , არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს.ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 24 აგვისტოს ეჭვის საფუძველზე, ხელბარგის დათვალიერების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს მ.ც.-ს (347,56 გრამი) და ნ.გ.-ს (451,01 გრამი) არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ოქროს მონეტები აღმოუჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 39,599 ლარი შეადგინა.

საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურს გადაეცა.

ასევე, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 28 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის დ.შ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 71.1 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6513,46 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 6513,46 ლარის ოდენობით.