2017 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3,381 მლნ სტუმარს მოემსახურა, რაც 33.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 69.7 პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა2, 30.3 პროცენტი - საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (16.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (20.0 პროცენტი) და გერმანიიდან (17.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (27.5 პროცენტი) და ირანიდან (20.1 პროცენტი) შემოსულ სტუმრებს უკავია. 2017 წელს გასულ წელთან შედარებით სტუმართა რაოდენობა რუსეთიდან გაიზარდა 73.6 პროცენტით, თურქეთიდან - 60.8 პროცენტით, ირანიდან 2.4 - ჯერ, უკრაინიდან - 37.0 პროცენტით, აზერბაიჯანიდან - 44.8 პროცენტით, ისრაელიდან - 26.4 პროცენტით, სომხეთიდან - 61.3 პროცენტით, პოლონეთიდან - 1.1 პროცენტით, საუდის არაბეთიდან - 2.2 -ჯერ.
ამასთან, საქსტატის ცნობით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით 78.4 პროცენტი, საქმიანი და პროფესიული მიზნით - 13.8 პროცენტი, მკურნალობის მიზნით - 1.9 პროცენტი, ხოლო დარჩენილი 5.9 პროცენტი სხვა მიზნებზე მოდის.
რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტურმოს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 17.3 პროცენტი მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 16.5 პროცენტი - თურქეთზე, 12.4 პროცენტი - ირანზე, 6.8 პროცენტი - უკრაინაზე, 5.4 პროცენტი - ისრაელზე, 4.3 პროცენტი - აზერბაიჯანზე, 4.0 პროცენტი - სომხეთზე, 2.2 პროცენტი საუდის არაბეთზე, 2.1 პროცენტი - პოლონეთზე და 1.8 პროცენტი - გერმანიაზე.