"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასდაკლებით მისაღებად ბიუროკრატიასაც შევამცირებთ"

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასდაკლების მისაღებად ბიუროკრატიასაც შეამცირებს.ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სავარაუდოდ, წელსვე ბენეფიციარებს აღარ დასჭირდებათ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში მისვლა და დარეგისტრირება.

"დიდი იმედი მაქვს, რომ წელსვე სამივე ლოკაციაზე მისვლის აუცილებლობა მოიხსნება და დარეგისტრირება მოხდება ელექტრონულად. ბენეფიციარს მხოლოდ ორ ლოკაციაზე მკურნალ ექიმთან და აფთიაქში მოუწევს მისვლა, ხოლო 2019 წლიდან მკურნალ ექიმთან არა ყოველ 3 თვეში, როგორც ახლა არის საჭიროება, არამედ წელიწადში ერთხელ მივიდეს, რაც ისედაც აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მართვისათვის", - განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა ახლა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები: მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად; სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. კერძოდ, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების პრეპარატზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50%-ი და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ.

ფასდაკლება შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო მედიკამენტებს, დიაბეტის ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტებს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.