ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა მიმდინარე წლის შემოდგომიდან არტერიული ჰიპერტენზიის, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით გაფართოვდება,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზრდება და 23-ს ნაცვლად სულ 50-60 გახდება.
“სექტემბრის ბოლოს ალბათ, გამოვაცხადებთ ახალ შესყიდვას, როდესაც ამ ჩამონათვალს დაემატება კიდევ ახალი, ე.წ კომბინირებული მედიკამენტები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლომდე ამ ჩამონათვალის კიდევ ერთი გაფართოება მოხდება”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ამასთან, მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის სექტემბერში, დაახლოებით ერთ ან ორ კვირაში პროგრამაში ჩართული სააფთიაქო ქსელების ჩამონათვალი გაიზრდება.
“ეს პროექტი ახლა მხოლოდ ერთი სააფთიაქო ქსელის საშუალებით ხორციელდება - PSP-ს საშუალებით, სექტემბერშივე, ერთ ან მაქსიმუმ ორ კვირაში სხვა ქსელური აფთიაქები ჩაერთვებიან”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.