პროკურატურაში დანამატების და პრემიების გაცემა დროებით შეჩერდა

პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებზე დანამატების და პრემიების გაცემა დროებით შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავარმა პროკურორმა მიიღო.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანამატების და პრემიების გაცემა უწყებაში დაგეგმილი რეორგანიზაციის დასრულებამდე აღარ მოხდება.

მათივე განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალკომპონენტიანი შეფასების სისტემა.

„რეორგანიზაციის დასრულებამდე პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პირებისათვის შეჩერდება დანამატებისა და პრემიების გაცემა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე რეორგანიზაცია ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ეფექტური მმართველობის შექმნას ემსახურება“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.