როდესაც ხდება საგზაო სამუშაოების პროექტირება და პროექტის შეფასება, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე დგინდება ვადები და დრო, როდის უნდა დასრულდეს პროექტები,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოების გამო წარმოქმნილი საცობების გამო დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მერმა არ დააკონკრეტა, თუ ვინ ადგენს საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის ვადებს: კომპანია თუ მერია.
კალაძის თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
"საკმაოდ მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტებია. თქვენ თუ გადახედავთ სტატისტიკას, ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად ქალაქში არასდროს არ ჩატარებულა. ჩვენ ვიცით, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მდგომარეობა, შესაბამისად, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. მომავალ წელს უფრო მეტი პროექტები უნდა გავაკეთოთ, რათა რეალურად გამოვასწოროთ სიტუაცია. ჩვენ თუ არ გვინდა ისევ იმ მდგომარეობაში ვიყოთ, რა მდგომარეობაშიც წლების წინ ვიყავით, როდესაც ერთ-ორ პროექტს გააკეთებდნენ და ამით კმაყოფილდებოდნენ. ჩვენ 4 წლით ვართ მოსული. ეს ძალიან ცოტა დრო არის. ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რაც შეიძლება მეტი მნიშვნელობის პროექტი განხორციელდეს, რომელიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.