„მკაცრი აკრძალვები მიუღებელია ქალაქისთვის, ის ვერ განვითარდება“ - მცხეთის მაჟორიტარი მორატორიუმის პირობების შეცვლას ითხოვს

უკვე 3 წელია, რაც მცხეთის განვითარება ვერ ხდება. ამის მიზეზი მორატორიუმია, რომელიც ქალაქის გენგემის შემუშავების დასრულებამდე გამოცხადდა.როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, სატენდერო პირობებით, აღნიშული პროცესი კიდევ 2 წელს გაგრძელდება, რაც მოსახლეობისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შეშფოთებას იწვევს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ეს რეჟიმი დაუშვებელია ქალაქისთვის, რადგან მან უკვე შექმნა სოციალური პრობლემები, მოსახლეობის უკმაყოფილება კი პიკს აღწევს.

პროცესის გაჭიანურებაში დეპუტატი პირად, ვიწრო ინტერესებს ხედავს და ჩართულ მხარეებს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოწოდებს. მისი თქმით, „პროცესი არ შეიძლება ტენდენციურად იმართებოდეს“. გარდა ამისა, როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, გამოცხადებულმა მორატორიუმმა საფასო ღირებულება დაუკარგა ადგილობრივ ქონებას.

„მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც დღემდე გრძელდება. მორატორიუმი მცხეთისთვის არის ფაქტობრივად პერსპექტივის დაბლოკვა. მეც და მათ შორის მცხეთის მოსახლეობასაც კარგად გვესმის, რომ ეს არის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის ქალაქი და იქ, რა თქმა უნდა, ყველაფრის მშენებლობა არ შეიძლება. ამისთვის უნდა არსებობდეს გენერალური განვითარების გეგმა, რომელიც 3 წელია მუშავდება და აღმოჩნდა, რომ თავიდან არის ყველაფერი გასაკეთებელი. არ შეიძლება, ქალაქი ამდენი ხანი იყოს გენგეგმის მოლოდინში და ახლა როგორც გვეუბნებიან, სატენდერო პირობები ითვალისწინებს კიდევ 2 წლიან სამუშაო პერიოდს. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 2 წელი არ ექნება ქალაქს განვითარების გეგმა“,-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისი თქმით, ამ პროცესში მორატორიუმი კრძალავს პრაქტიკულად ყველაფერს, გარდა არსებულის რეაბილიტაციისა.

„თუ ვთქვათ, კონკრეტული კონფიგურაციის შენობა ცუდ მდგომარეობაშია, ის შეიძლება გააკეთო, მაგრამ იქ სხვა რაიმე დამატებით არქიტექტურული ელემენეტი და ზომაში ცვლილება ვერ განხორციელდება. არადა, არქიტექტორული თვალსაზრისით, შეიძლება რამე უკეთესს გეგმავდეს მშენებელი, მაგრამ ეს გამორიცხულია. წარმოიდგინეთ, ხაზოვანი ნაგებობების გაკეთებაც კი აკრძალულია, რაც ნიშნავს, რომ კანალიზაცია და კომუნიკაციებსაც ვერ გაიყვან ახალს. არადა, ქალაქი არის ცოცხალი, აქ ცხოვრობს მოსახლეობა“,-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ამასთან, დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ პრობლემაზე, რომელიც მოსახლეობას მორატორიუმის პირობებში შეექმნა. მისი თქმით, ადგილობრივები ვერ განკარგავენ საკუთარ ქონებას და საბანკო ურთერთობაც კი შეზღუდული აქვთ.

„პრობლემაა ისიც, რომ ქონებას დაეკარგა ფასი. ადამიანები ვერ ყიდიან ქონებას, რადგან არავინ ყიდულობს. ასევე საბანკო ურთიერთობებში მოსახლეობა საკუთარი ქონებით ვერ შედის. საუკეთესო გამოსავლად სამწუხაროდ, მოფიქრებული იქნა მორატორიუმი. ანუ, ავკრძალოთ ყველაფერი, რაც შეიძლება დაიგეგმოს კერძო თუ საჯარო სექტორში“,-აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატის თქმით, ამ პირობებში ადგილობრივ ხელისუფლებასაც უჭირს პროექტების განხორციელება და პრაქტიკულად, ქალაქის განვითარება დაბლოკილია. „საფეხმავლო ბილიკის გაფართოებაც კი არ შეგვიძლია“, - ამბობს ხუნდაძე. მისი თქმით, საკითხის გადასაჭრელად საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ დეპუტატი ჩართულ მხარეებს პირადი ვიწრო ინტერესების გვერდზე გადადებისკენ მოუწოდებს.

„პარლამენტში მე ამაზე არაერთი განცხადება გავაკეთე და თუ გახსოვთ, ბოლო იყო საკმაოდ მწვავე. ამ საკითხს სჭირდება მოგვარება, პოლიტიკური გადაწყვეტილება და მრავალმხრივი სექტორალური ჩართულობა, რათა გენგემის შემუშავების პროცესში ჩართული ყველა მხარის ინტერესი გათვალისწინებული იყოს. პროცესი არ შეიძლება ტენდენციურად იმართებოდეს ვინმეს მიერ. არ შეიძლება მხოლოდ მოსახლეობის ინტერესი იყოს გათვალისწინებული, ან მხოლოდ არქეოლეოგების, ანდაც, საპატრიარქოსი. ყველას ინტერესი დაბალანსებული უნდა იყოს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემუშავდეს გენერალური გეგმა, მანამდე კი უნდა მოხდეს მორატორიუმის წესების შეცვლა, თორემ ამდავარი მკაცრი აკრძალვები, მიუღებელია ქალაქისთვის, ქალაქი ვერ განვითარდება“,-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა გენგეგმის შემუშავება? დეპუტატი პასუხობს, რომ „პროცესი არასწორად იმართება და ჭარბი იყო სხვადასხვა ინსტიტუტების გავლენა სამუშაო პროცესში“. კონკრეტულად რომელ ინსტიტუტები იგულისმხმება ხელისშემშლელ ფაქტორად, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ აბსოლუტურად ყველა, რომელიც პროცესში იყო ჩართული.

„მონაწილე მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მთავარი ინტერესი არის ქალაქის სწორად განვითარება და მისი განუყოფელი ნაწილია საზოგადოების ინტერესი. ამისთვის საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური. ეს უკვე არის როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო მთავრობის მისაღები. მხარეებმა უნდა დაისახონ მიზნად, რომ ქალაქი განვითარდეს იმ წესებით, რომელიც მიღებულია საერთაშორისო სტანდარტებით. ქალაქი არ დაზიანდეს, მაგრამ იგნორი არ გავუკეთოთ ადგილობრვი მოსახლეობის ინტერესებს“,-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

აღსანიშნავია, რომ მორატორიუმის პირობებში ცვლილების შეტანაზე განცხადება 14 ივლისს პარლამენტში ინფრასტრუქტრისა და რეგიონალური განვითრების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმაც გააკეთა. რაზეც დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ის ელოდება შემოთავაზებას, პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გენგემას, დეპუტატის ინფორმაციით, ტენდერი შეჩერებულია და ამჟამად ახალი ტენდერისთვის მიმდინარეობს მზადება. დიმიტრი ხუნდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახლა მაინც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ჩართულობა იქნება მაქსიმალური და არა ისეთი, როგორც აქამდე იყო.

როგორც ცნობილია, მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქის განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან 2016 წელს ამოიღო.

გეგმაზე მუშაობა თავდაპირველად მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული

დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ დაიწყო. პროექტის შესადგენად გამოვლინდა საპროექტო კომპანია შპს „სალი- 2011“, რომელსაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 000 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიაში შემავალ არქიტექტორთა ჯგუფს ქალაქის განვითარების დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. თუმცა 2017 წელს უკვე გამზადებული დოკუმენტი ადგილობრივმა საკრებულომაც და იუნესკომაც დაიწუნეს.

როგორც მაშინ ითქვა, მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლიდა, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევდა. ასევე, პროექტი არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ნინი ქეთელაური