ევროპის კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი იმუქრება, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას არ შეასრულებს და ევროპაში წარმოებულ ავტომობილებზე ტარიფებს ასწევს, ევროკავშირი შესაბამისად უპასუხებს.
გერმანულ მაუწყებელ ZDF-თან საუბრისას, იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არავის მისცემს უფლებას, სავაჭრო პოლიტიკის პირობები უკარნახოს. ამიტომ, თუ ვაშინგტონი გადაწყვეტს ევროპულ ავტომობილებზე ტარიფების გაზრდას, „მაშინ იგივეს ჩვენც გავაკეთებთ“, - ამბობს იუნკერი.
ხუთშაბათს ტრამპმა უარყო ევროკავშირის წინადადება, არ გაზარდოს ტარიფები ავტომობილებზე. უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ ევროკავშირთან სავაჭრო პირობები „თითქმის ისეთივე ცუდია, როგორც ჩინეთთან“.
იუნკერის თქმით, ტრამპთან ივლისში შეხვედრისას, მათ სავაჭრო უთანხმოებაში „ცეცხლის შეწყვეტის“ თაობაზე მოილაპარაკეს. იუნკერი სამშაბათს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს უნდა შეხვდეს. ცნობილია, რომ გერმანია სავაჭრო ბარიერების დაწევის მომხრეა და ყველანაირად ცდილობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას.
ასევე ამერიკასთან ვაჭრობის სირთულეებთან დაკავშირებული პრობლემები იქნება მთავარი განხილვის თემა, როცა მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება (მომავალ პარასკევს). ევროკავშირს აშშ-სთან რამდენიმე საკითხში აქვს უთანხმოება. ტარიფების გარდა ესაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მოსამართლეების დანიშვნის აშშ-ის მხრიდან ბლოკირება, ასევე ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა.
ტრამპმა ივლისში იუნკერთან საუბრისას თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ გადაავადებდა ევროპულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი საბაჟო ტარიფების დაწესებას, სანამ შეერთებული შტატები და ევროკავშირი, სავაჭრო ბარიერების მოხსნაზე მოილაპარაკებდნენ. მაგრამ მას შემდეგ, აშშ-ის ოფიციალური პირები ჩივიან, რომ შესაბამისი მოლაპარაკება ადგილიდან პრაქტიკულად არ დაძრულა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ტრამპი მოცდას აღარ აპირებს.
ევროპარლამენტის სავაჭრო კომისიის წინაშე გამოსვლისას, ევროკავშირის სავაჭრო კომისიონერმა სესილია მალმსტრომმა განაცხადა, რომ ევროკავშირს შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის საკითხებზე „ღრმა უთანხმოება“ აქვს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ევროპის მხრიდან თავად უძღვება, ამერიკის მხრიდან კი რობერტ ლაითჰაიზერი ხემძღვანელობს, მოლაპარაკება არ დაუწყია.
მალმსტრომი დასძენს, რომ ევროკავშირი ამერიკულ ავტომობილებზე ტარიფებს ნულამდე დასწევს, თუ იგივეს შეერთებული შტატებიც გააკეთებს. ტრამპს კი ბლუმბერგთან საუბარში ნათქვამი აქვს, რომ ავტომობილებზე ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის შეთავაზება „საკმარისად კარგი არ არის“.