ავტოკონცერნ Volkswagen-ს, მის შემადგენლობაში მყოფ Audi და Porsche -სთან ერთად შეეძლოთ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გამოსაბლოქვ სისტემაშიც გაეყალბებინათ მონაცემები, როგორც ეს დიზელის ძრავიანებში მოხდა.ამის შესახებ გერმანული Bild am Sonntag-ი მიუნხენის პროკურატურაში გამოკითხული მოწმეების ჩვენებების საფუძველზე წერს.
ამასთან, გამოცემის შეფასებით, გამონაბოლქვის გაყალბების სკანდალმა შესაძლოა, ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა. გაზეთის ინფორმაციით, 2015 წლის საგანგებო შეხვედრაზე Volkswagen-ის ექსპერტების ანგარიშში ეწერა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ყველა ავტომობილის გადაცემათა კოლოფში იყო დამონტაჟებული მართვის პროგრამა, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მონაცემებზე. მოწმეების განცხადებით, პირველ რიგში მანიპულაცია შესაძლოა, შეხებოდა ატმოსფეროში CO2-ის გაფრქვევასა და საწვავის ხარჯის მონაცემებს.
Bild am Sonntag-თან კომპანიის წარმომადგენელმა გამოძიების მიმდინარეობის მოტივით ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, გასული წლების განმავლობაში კონცერნი უდიდეს სკანდალში გაეხვა, რომელიც პრესაში ცნობილია როგორც „დიზელგეიტი“. 2015 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანიის დიძელის ძრავიანი ავტომობილები გამონაბოლქვის შესახებ რეალურ მონაცემებს აყალბებდნენ, მათში დამონტაჟებული სპეციალური მექანიზმის საშუალებით. ამ სისტემის შედეგად თითქოს ყველაფერი ნორმაში იყო და პასუხობდნენ დადგენილ ნორმებს, სინამდვილეში კი რამდენჯერმე აღემატებოდნენ მათ.
კოკა კვირკველია