"გაზპრომმა" უკრაინული "ნაფტოგაზი" წინასწარი გადახდის რეჟიმზე გადაიყვანა

რუსულმა "გაზპრომმა" უკრაინული "ნაფტოგაზი" წინასწარი გადახდის რეჟიმზე გადაიყვანა.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ამასთან, დღეიდან კიევი მოსკოვისგან მხოლოდ გადახდილი საფასურის ბუნებრივ აირს მიიღებს. რუსულმა მხარემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს დილით "ნაფტოგაზისთვის" მიცემული დავალიანების დაფარვის საბოლოო ვადა ამოიწურა.

Unian-ის ცნობით, უკრაინის "ნაფტოგაზმა" რუსული "გაზპრომის" წინააღმდეგ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც "ნაფტოგაზის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინული კომპანია რუსული მხარის მიერ მიწოდებულ ბუნებრივ აირზე სამართლიანი, საბაზრო ფასის დაწესებას ითხოვს.

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა "გაზპრომმაც". რუსული კონცერნი "ნაფტოგაზისგან" დაგროვილი 4,5 მილიარდი დოლარის დავალიანების ამოღებას ითხოვს.

აპრილში "გაზპრომმა" უკრაინას ათას კუბურ მეტრ გაზზე 268 დოლარის ნაცვლად, 485 დოლარი დაუწესა, რასაც უკრაინული მხარე "პოლიტიკურ გადაწყვეტილებად" მიიჩნევს.