2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3,1 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16,4 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4,8 პროცენტი). ამასთან, ფასების 16,2 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,1 პროცენტით, რაც -0,04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-1,3 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი საქსტატის ცნობით, ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7,8 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12,9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-9,7 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (24,7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4,3 პროცენტი), თევზეული (3,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2,0 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-17,1 პროცენტი), ასევე შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,1 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5,2 პროცენტით, რაც 0,44 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,0 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2,9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (2,4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით, რაც 0,33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8,0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,29 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.