საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“ და „სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრების მიერ აღმოჩენილი, არადეკლარირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 14,968.93 ლარი შეადგინა. მათ შორის, 11,820.13 ლარის ღირებულების 150,08 გრამის ოქროს ნაკეთობები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერებისას აღმოუჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოქალაქე კ.გ.-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 11,820.13 ლარის ოდენობით.
ამავე დღეს, საბაჟო გამშვებ პუნქტში, ,,სარფი“ სამართალდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ნ.პ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (56,38 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3,148.8 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 3,148.8 ლარის ოდენობით შეეფარდა.