საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში 18 საჯარო სხდომა გამართა, სადაც მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ 337 სადავო საკითხზე იმსჯელა.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან იუწყებიან, სხდომაზე განსახილველი საკითხები მოიცავდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს - ხანდაზმული დავალიანებების, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხების, მრიცხველის საფასურის, აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე კომპანიის დადგენილებების შესახებ.
სემეკის მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 164 409 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც.