ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2018 წლის მე-2 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19,7%-ით გაიზარდა და 19,9 მილიარდი ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 44,6 პროცენტი ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) მოდის. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 11,9 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 11,9 პროცენტიანი წილით, 8,8 პროცენტით მე-3 ადგილს მშენებლობა იკავებს, მას მოსდევს ტრანსპორტი და დასაწყობება 6,2 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,9 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.
ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში კი პირველ და მეორე ადგილებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,9 პროცენტი) და მშენებლობა (18,7 პროცენტი) იკავებს, შემდეგ მოდის ვაჭრობა (16,8 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9,4 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 32,2 პროცენტიანი წილი უჭირავს.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 25,3 პროცენტი, 13,2 პროცენტი და 10,5 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (10,4 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,4 პროცენტი).