ბიზნესსექტორში პოზიტიური ტენდენციებია, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიამ განაცხადა.
რომან კაკულია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 19.7 პროცენტით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი 25 ათასით გაიზარდა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ძალიან დადებით ტენდენციებთან გვაქვს საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სამი კონკრეტული ინდიკატორი, რომელიც ბიზნესსექტორში არსებულ ტენდენციებს ახასიათებს - მთლიანი ბრუნვა, წარმოებული პროდუქციის და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა - წინასაანგარიშო პერიოდთან შედარებით ძალიან პოზიტიურ ზრდას აჩვენებს. ბრუნვასთან დაკავშირებით 20%-მდე ზრდა, რაც თანხობრივ მაჩვენებელში 20 მილიარდამდეა, ცხადია, ძალიან პოზიტიურია. სწორედ ამ დადებით ტენდენციებს მოჰყვება ადამიანების პრობლემების მოგვარებაც.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ „საქსტატმა“ ჩაშალა ინდიკატორები მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოების მიხედვით. საშუალო საწარმოებშიც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. გამოწვევად რჩება მცირე საწარმოებში მეტი ზრდის მიღწევა, თუმცა გასათვალისწინებელია მთავრობის მიერ დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები ფინანსებისადმი ხელმისაწვდომობის, ამ სექტორში მოღვაწე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ბიზნესუნარების გაძლიერების კუთხით. ეს ყოველივე მცირე საწარმოების ბრუნვის, მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის და ამ სექტორში დასაქმებული ადამიანთა უფრო მეტ ზრდას მოგვცემს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.