2023 წელს მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა 38%-ით გაიზრდება

უმდიდრესი ადამიანების რიცხვი იზრდება.

აღნიშნულ პროგნოზს Knight Frank-ი აკეთებს. უკვე ჩამოყალიბდა მთელი ინდუსტრია, რომელიც მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის ზრუნავს. ჩნდება კომპანიები და საიტები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და აანალიზებენ უმდიდრესი ადამიანების რაოდენობასა და მათ მოთხოვნილებებს.

ვინ არიან ეს ადამიანები, სად ცხოვრობენ ისინი და რა ვიცით მათ შესახებ?

Knight Frank-ის ყოველწლიური მოხსენების პროგნოზის მიხედვით, რომელიც უმდიდრესი ადამიანების ქონებრივ მდგომარეობას ეხება, 2013 წლიდან 2023 წლამდე მილიარდერი ადამიანების რიცხვი მსოფლიოში 38%-ით გაიზრდება და 2315 ადამიანს მიაღწევს.

მილიარდერების რაოდენობა მთელს მსოფლიოში გაიზრდება, თუმცა განვითარებად ეკონომიკებში, სადაც მომავალ ათწლეულში ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდება, მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება.

ამგვარად, 2023 წლისთვის მთლიან აზიაში უფრო მეტი მილიარდერი იქნება. ამასთან, მდიდარი ადამიანების რიცხვი აზიაში უფრო მეტად გაიზრდება ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. გასათვალისწინებელია აზიის მოსახლეობის მრავალრიცხოვნობა და ინფლაციაც - მილიარდი დღეს უფრო მეტი ღირს, ვიდრე 10 წლის შემდეგ ეღირება.

თუკი გადავხედავთ მილიარდერთა რიცხოვნობას ქვეყნების მიხედვით, მაშინ 2023 წლისთვის ყველაზე მეტი მილიარდერი ისევ აშშ-ში იცხოვრებს. თუმცა მათ კონკურენციას გაუწევენ მილიარდერები ჩინეთიდან, რუსეთიდან და ინდოეთიდან.

კვლევიდან კიდევ ერთი საინტერესო დასკვნა გამომდინარეობს - მულტიმილიონერების რაოდენობა, რომლებმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვეს, თითქმის ორჯერ მეტია იმათ რიცხვზე, ვინც ქონება მემკვიდრეობით მიიღო ან მემკვიდრეობით მიღებული ქონება მნიშვნელოვნად გაზარდა.

იმ მდიდრების წინაშე, რომლებმაც ქონება დამოუკიდებლად დააგროვეს, დგას შემდეგი სახის დილემა - მათი კუთვნილი სიმდიდრე გადასცენ შვილებს, თუ თანხის დიდი ნაწილი გადაურიცხონ მათ, ვისაც ის უფრო მეტად სჭირდება.

მულტიმილიარდერი ედვარდ ჩჟუ აშშ-დან ჩინეთში 20 წლის წინ გადავიდა. ის მიიჩნევს, რომ ტალანტის მქონე ადამიანმა ყველაფერი ნულიდან უნდა დაიწყოს და მას საკუთარი შვილებისთვის სწორედ ეს სურს.

საინტერესოა, რომ თითქმის 90% იმ ადამიანებიდან, რომლებიც 30 მლნ დოლარზე მეტს ფლობენ, მამაკაცები არიან.