Apple-მა iPhone 8-ში საწარმოო წუნი აღმოაჩინა

კორპორაცია Apple-მა მის მიერ წარმოებულ iPhone 8-ში საწარმოო დეფექტი გამოავლინა.ამიტომ ის მზადაა, ტელეფონი უფასოდ შეცვალოს. ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საუბარია სმარტფონებზე, რომლებიც კომპანიამ 2017 წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის მარტამდე ავსტრალიაში, ინდოეთში, ჩინეთში, აშშ-ში, ახალ ზელანდიასა და იაპონიაში გაყიდა. კომპანიის განცხადებით, ამ სმარტფონების ნაწილს შესაძლოა, ჰქონდეს წუნი დედაპლატაზე. ამის გამო სმარტფონები შესაძლოა, თვითნებურად გადაიტვირთონ, შეწყვიტონ მუშაობა და არ ქონდეთ რეაგირება ეკრანზე შეხებისას, ანდა მათი ჩართვისას.

Apple-ის წარმომადგენლები სმარტფონების მფლობელებს სთავაზობენ შეიყვანონ სერიული ნომერი საიტზე, რათა შეამოწმონ, ეხება თუ არა მათ აღნიშნული გაწვევა. Apple-ში ირწმუნებიან, რომ მომსახურების ეს აქცია, რომელიც გაგრძელდება სამი წელი, არ ეხება სხვა მოდელებს, მათ შორის iPhone 8 Plus-საც.

კოკა კვირკველია