აბაშის ელექტროქსელის ინფრასტრუქტურა უმჯობესდება

აბაშის რაიონის სოფლებში "მარანი" და "პირველი მაისი" ელექტროენერგიის მიწოდება უფრო სტაბილური და საიმედო გახდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიამ" აღნიშნული სოფლების ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 კვ ქსელში განახორციელა.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, 1300-მდე აბონენტისთვის სტაბილური და საიმედო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფიდერს "მარანი-შრომა", სადაც შეიცვალა 2 500 მ სიგრძის ამორტიზებული სადენი, აგრეთვე ფიდერზე "პირველი მაისი" შეიცვალა 1 კმ სიგრძის სადენი და დაიდგა შვიდი ახალი რკინა-ბეტონის ბოძი. სამუშოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და მთლიანად მომსახურების ცენტრის მასშტაბით განხორციელდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის და სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.

ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ავარიული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანისა და აბონენტების უწყვეტი ელექტრომომარაგების მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში სარეაბილიტაციო სამუშაოები ყველა მომსახურების ცენტრშია დაგეგმილი.