საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ჭიათურაში, საბაგირო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს.პროექტი საქართველოს და საფრანგეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
„საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთაგორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა სწორედ ჭიათურაში აშენდა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივად ექსპლუატაციის გამო საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს, ამიტომ სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა“, - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციას. სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია. რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო.
სამშენებლო სამუშაო ჭიათურაში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები ისარგებლებენ.