სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ძირითად შემთხვევაში სანქციების რაოდენობა 10-ჯერ გაიზრდება. სანქციები ძალაში 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან შევა.
კერძოდ: თუ აქამდე სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა 50 ლარით ჯარიმდებოდა, 1-ლი ნოემბრიდან 500 ლარით დაჯარიმდება; ხოლო, ამავე მოქმედების განმეორებით ჩადენაზე ჯარიმა 200 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება;
შინახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისათვის, ელექტროდანადგარებისათვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა 100 ლარის ნაცვლად, 1000 ლარით დაჯარიმდება;
შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისთვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისათვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმა 200-ის ნაცვლად, 1000-დან 5000 ლარამდე განისაზღვრება.
პირს, რომელიც აღნიშნულ ქმედებას განმეორებით ჩაიდენს, 300 ლარის ნაცვლად 2000-დან 7000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს;
დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათი გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა (თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა), 100 ლარის ნაცვლად, 3000 ლარით დაჯარიმდება;
შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისათვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება; კერძო სახანძრო დაცვის დანაყოფის მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა 1000 ლარის ნაცვლად, 5000-დან 10 000 ლარამდე დაჯარიმდება;
სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებულ ობიექტზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევასა ან შეუსრულებლობაზე ჯარიმა 200 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება;
საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმებითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმებით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნაზე ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე გაიზრდება;
საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობაზე ჯარიმა 600 ლარიდან 3 000 ლარამდე იზრდება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართდარღვევათა კოდექსში შედის ახალი სანქციებიც. კერძოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ ან/და ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა ითვალისიწინებს 3000-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდებას.
ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების წესების დაღვევა და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 დან 3000 ლარამდე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის სანქციის გამოწერის პროცესში ხელის შეშლა, დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ თუ პირის მფლობელობაში არსებულ რამდენიმე ობიექტზე, რომლებიც არ ითვლება იურიდიულ პირებად, დაირღვა ამ მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ჯარიმის შეფარდება მოხდება თითოეული ობიექტისთვის ცალკე.