დოლარმა ახალი კვირა ზრდით დაიწყო, რასაც მეტწილად შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობა განაპირობებს.
ამის ფონზე, ინვესტორები განვითარებული ქვეყნების ბაზრებს თავს არიდებენ, რაც შესაბამისი ვალუტების გაუფასურებას და ინვესტიციების ნაკადის დოლარისკენ გადაქაჩვას იწვევს.
თუ ჩინეთის მხრიდან ხუთშაბათამდე რაიმე რეალური შეთავაზება არ მიიღო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფების ახალ ტალღას ააგორებს, რომელიც ჩინეთში წარმოებული 200 მილიარდი დოლარის იმპორტირებულ პროდუქციას შეეხება. ოღონდ, ახალი ტარიფების ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
ინვესტორები თვლიან, რომ იმპორტზე ორიენტირებული განვითარებადი ქვეყნების ბაზრები, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო შეხლა-შემოხლის შუაში ყვებიან, რაც მათ ორმაგად აზარალებს. ამის ფონზე, „JP მორგანის“ განვითარებადი ქვეყნების ვალუტების ინდექსი, აგვისტოში ბოლო ერთი წლის მინიმალურ მაჩვენებლს ჩამოსცდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა კი ინდურ რუპიას ჰქონდა, რომელმაც ისტორიული მინიმუმი განაახლა.
დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, დაახლოებით ნახევარი პროცენტით გაიზარდა და 95.55-ს მიაღწია. ეს ყველაზე მკვეთრი ზრდაა 23 აგვისტოს შემდეგ, როცა დოლარის ინდექსმა ბოლო ერთი წლის მაქსიმალური მაჩვენებელი (96.98) განაახლა.
„სოსიეტე ჟენერალეს“ სავალუტო ბაზრის სტრატეგი კენეთ ბრუს თქმით, დოლარის ასეთ გამყარებას ის გარემოება განაპირობებს, რომ ჩინეთთან დაძაბული ურთიერთობის ესკალაციის შესაძლებლობის ფონზე, ამერიკული ვალუტა მყარ პოზიციაზეა. ინვესტორები მას, როგორც სარეზერვო ვალუტას იყენებენ, რაც სავაჭრო დაძაბულობისას, დოლარზე მოთხოვნას ზრდის. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ აპრილის შემდეგ, რაც პირველად გაჩნდა სავაჭრო ომის საშიშროება, დოლარის ინდექსი დაახლოებით 7 პროცენტით არის გაზრდილი.