მეტრო „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია ისევ შეჩერებულია

მეტრო „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია ამ დრომდე შეჩერებულია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, სარემონტო სამუშაოები არ განახლდება მანამ, სანამ ექსპერტების დამატებითი დასკვნა არ დაიდება, რომ ყველაფერი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით კეთდება. თუმცა, კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ.

მერიამ მეტროსადგურების - „გურამიშვილის", „სამგორისა" და „ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 29 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად კი 14 ადამიანი დაშავდა.

მოგვიანებით „გურამიშვილის“ რებილიტაცია განახლდა, თუმცა დასრულდა მხოლოდ ზედა ვესტიბიულის რემონტი, ქვედა ვესტიბიულში კი ამ დრომდე სამუშაოები შეჩერებულია.

თუ როდის იქნება მზად ექსპრეტების დასკვნა და შესაბამისად, როდის განახლდება მეტროს სარემონტო სამუშაოები, მერიაში აცხადებენ, რომ „უახლოეს მომავალში“, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ.

„მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიისა და მერიის გადაწყვეტილებით, ყველა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა. ამ ეტაპზე კვლავ შესწავლითი სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში იქნება საბოლოო პასუხი. შესაბამისად, გადაწყდება როგორ გაგრძელდება სამუშაოები. რეალურად, რეაბილიტაცია რომ დაიწყო, მალევე მოხდა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა და სამუშოები არის იმ დონემდე მიყვანილი, რომ მგზავრების უსაფრთხოება იყოს დაცული“,-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, თბილისის მერიისა და თბილისი სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 2016 წელს რამდენიმე მეტროსადგურის შეკეთების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

განახლების პროცესი იმ სადგურებით დაიწყო, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე შეაკეთეს, მათ შორის იყო ვარკეთილის სადგურიც.

რაც შეეხება მეტრო „გურამიშვილის“ რეაბილიტაციას, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავდნენ, დაგეგმილი იყო ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა და სამღებრო სამუშაოების წარმოება. მეტროსადგური რემონტის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ ემსახურებოდა და ის მხოლოდ ზედა ვესტიბიულში სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2018 წლის 7 მაისს გაიხსნა.

ნინი ქეთელაური