თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკალმახე მეურნეობისა და რესტორნის მფლობელი კომპანია მდინარე ალგეთის ჭალა-კალაპოტის თვითნებურ დაკავებას აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობაზე ოქმი შეადგინეს.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის მიმდებარედ საკალმახე მეურნეობისა და რესტორნის მფლობელმა კომპანიამ, მდინარე ალგეთის ჭალა-კალაპოტის თვითნებური დაკავება განახორციელა, რაზედაც 2018 წლის 6 აპრილს დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, შეადგინეს ოქმი. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ კომპანია სამართალდამრღვევად სცნო, რის საფუძველზეც, სამართალდარღვევის აღმოფხვრა და მუხლის შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისში ტერიტორია განმეორებით დაათვალიერეს, ვინაიდან კანონდარღვევა არ იყო აღმოფხვრილი 2018 წლის 13 ივლისს კომპანიის მიმართ გაიცა ადმინისტრაციული მიწერილობა, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით და განესაზღვრა გონივრული ვადა - 15 დღე.
კომპანიის მხრიდან ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნები განსაზღვრულ გონივრულ ვადებში არ შესრულდა, ასევე, ინფორმაცია განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების თაობაზე, ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოში მიწერილობით განსაზღვრულ ვადაში, არ წარმოადგინა. შესაბამისად, 2018 წლის 29 აგვისტოს კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 84-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილის შესაბამისად. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, რეგიონულ სასამართლოშია გადაგზავნილი“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.