საქართველოს სამთავრობო უწყებებს მსოფლიო ბანკის ჯილდო გადაეცათ

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ, ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის, საქართველოს სამთავრობო უწყებებს - ფინანსთა სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვიცე-პრეზიდენტის ჯილდო გადასცა.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან ჯილდოზე წარდგენილი იყო 80 პროექტი, რომელთაგან შეირჩა 16 საუკეთესო.

საქართველოს ფინანასთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად "კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი" დაასახელა, რომელსაც მსოფლიო ბანკის მხრიდან, მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა უძღვებოდა.

"შევიკრიბეთ, რათა ვიზეიმოთ კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის წარმატება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. ბოლო წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, მათ შორის, კახეთის რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩნდა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები," - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ.

აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა კახეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, ტურიზმის სექტორისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გზით.