„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თბილისის მერიამ ივლისში 3-ჯერ გაწეულ სარესტორნო მომსახურებაში 45 000 ლარი დახარჯა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის მერის ივლისის თვის სარესტორნო ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე ივლისის თვეში სხვადასხვა რესტორნების მიერ მერიისთვის გაწეული ხარჯების ოდენობამ, რომლის დაფარვაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა, 45 000 ლარი შეადგინა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ბიზნესსექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, მერიაში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტის მონაწილეების ვიზიტთან დაკავშირებით და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისის მერიას სარესტორნო მომსახურება გაუწია სასტუმროებმა „თბილისი მარიოტმა“, „რადისონ ბლუ ივერიამ“ და ასევე რესტორანმა „ფუნიკულიორმა“.

უფრო ზუსტად კი „რადისონ ბლუ ივერიას“ მიერ გაწეული მომსახურების ხარჯები შეადგენს 14 750 ლარს, „თბილისი მერიოტის“ – 14 504 ლარს და „ფუნიკულიორის“ - 14 988 ლარს. ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიცია ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე დაყენებას აპირებს.

„ეს არის მოლაპარაკების გზით სარესტორნო ხარჯები, რომელიც დედაქალაქის მერმა კონკრეტულ რესტორნებთან გააფორმა. საუბარია ივლისის თვის მენიუზე, კერძოდ პანაკოტას სოუსზე, სუშიზე და ბანანის სმუსზე, რაშიც გახარჯულია 45 000 ლარი. ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერიდდან. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დავაყენებთ და მოვითხოვთ, აილაგმოს ბიუჯეტის ჭამის მავნე პრაქტიკა. ასევე ვიკითხავთ, რამდენად ადეკვატურია, სოციალურად დაუცველს ლარად და 13 თეთრად კვებავდე და მერი მათი ფულით პანაკოტას სოუსს ჭამდეს,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.