ბოლო პერიოდში საქართველოში ხის სახლებზე მოთხოვნა იზრდება. ბაზარზეც არაერთი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს სასურველი პროექტის განხორციელებას სთავაზობს.
სხვადასხვა ტექნოლოგიით დამზადებულ ასაწყობ ხის სახლებს ძირითადად აგარაკებისთვის ითხოვენ. როგორც ALLNEWS.GE-სთან საუბრისას კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეკვეთების უმრავლესობა რეგიონებიდანაა. მათი ინფორმაციით, ხის სახლებზე მოთხოვნა დიდია ყაზბეგში, თუშეთში, რაჭაში, გუდაურსა და საქართველოს სხვა ტურისტულ ზონებში.
ლერი გირგვლიანმა ხის სახლების მშენებლობა თითქმის ერთი წელია დაიწყო, ამბობს რომ მოთხოვნა მზარდია და მომავალში მომხმარებლების კიდევ უფრო მეტ აქტიურობას ელის. 100 კვ/მ ხის სახლის მშენებლობა 45 ათასი ლარი ჯდება. კვადრატულის ფასი რემონტის გარეშე 450, ხოლო რემონტით 650 ლარია. მის
აწყობას და საბოლოო სახის მიცემას კი საშუალოდ 40 დღე სჭირდება.
ლერი გირგვლიანის განმარტებით, ხის სახლის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ზაფხულში გრილი და ზამთარში თბოიზოლაციის წყალობით, თბილია.
"კედლის სისქე 20-24 სმ-ია. მასალის დამუშავება ცეცხლგამძლე ხსნარებითა და სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალებებით ხდება, რაც პროდუქციის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ექსპლუატაციას უზრუნველყოფს. ყველაზე მოთხოვნადი ნომრის ტიპის, 20-30 კვ/მ ფართის ხის სახლებია, რომლებსაც ძირითადად, ტურისტულ ადგილებში ვაშენებთ. თუ დიდ ფართზეა შეკვეთა, ადგილზე მივდივართ და იქ ვაწყობთ, ხოლო თუ ტრანსპორტირებას ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ამის საშუალებაც გვაქვს. რეგულაციები, რომლებიც საქართველოში ხის სახლების მშენებლობას დაარეგულირებს, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა საზღვარგარეთ აპრობირებული მეთოდით და ნორმატიული დოკუმენტით ვხელმძღვანელობთ. შეიძლება ითქვას, ხის სახლების მშენებლობის მზა ფორმულაა, რომლის გადახვევა ისედაც შეუძლებელია", - აღნიშნავს ლერი გირგვლიანი.
ხის სახლებზე მოთხოვნის ზრდას "ხის სახლების" არქიტექტორი კახაბერ ხუხუნაიშვილიც ადასტურებს. კომპანიას მასალა უკრაინიდან, ჩინეთიდან და ფინეთიდან შემოაქვს. ადგილზე კი პროექტის შედგენა, დიზაინისა და მშენებლობის დაგეგმვა ხდება. როგორც ხუხუნაიშვილი განმარტავს, მათ კომპანიაში ერთი კვ/მ-ის ფასი 360 დოლარიდან იწყება და ღირებულება დამოკიდებულია არქიტექტურის სირთულესა და მასალის ხარისხზე. კითხვის გაგრძელება