"საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნისა და ქვეყნიდან მათი დეპორტაციის მაჩვენებლები მცირედით შემცირდა"

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნისა და ქვეყნიდან მათი დეპორტაციის მაჩვენებლები მცირედით შემცირდა.ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას და მათ მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებლებს ეხებოდა.

როგორც პასკალ მენიემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი გარკვეულწილად შემცირდა, ის მაინც მაღალი რჩება ქართული და ფრანგული მხარე ამ საკითხზე ერთობლივად, როგორც შს მინისტრებს, ისე პრეზიდენტებს შორის არსებული კომუნიკაციის მეშვეობით მუშაობს.

„ეს ძალიან მნიშნვნელოვანი საკითხია ორ ქვეყანას შორის. ეს ზუსტად ის საკითხია, რაზეც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ვიზიტის დროს ესაუბრა. ასევე, ბრიუსელში ჩვენი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი როდესაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა, მათ მოგვიანებით დათქვეს სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მათ შორის უსაფრთხოების საკითხები უნდა განეხილათ და ამ საკითხებში ასევე მიგრაციის საკითხიც შედიოდა. ჩვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და ვადევნებთ თვალს, თუ რა ზომები ტარდება იმისათვის, რომ ის მაღალი მაჩვენებელი, რაც დაფიქსირებული იყო, შემცირდეს. მე ზუსტი ციფრები არ მაქვს, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ოდნავ შემცირებულია ის მონაცემები, რაც არსებობდა, თუმცა მაინც მაღალი მაჩვენებელი რჩება”,- აღნიშნა პასკალ მენიემ.