„აუდიმ“პირველი სერიული ელექტრომობილის წარმოება დაიწყო

„აუდიმ“ თავის ბელგიურ ქარხანაში პირველი სერიული ელექტრომობილის, ქროსოვერ „E-ტრონის“ წარმოება დაიწყო.

ამ ავტომობილის პირველი ეგზემპლარი წითელ ფერშია შეღებილი. „E-ტრონის“ მსოფლიო პრემიერა სან ფრანცისკოში 17 სექტემბერს გაიმართება.

გერმანული კომპანიის პირველი ელექტრომობილი, ორი ელექტრო ძრავით არის აღჭურვილი. მათი ჯამური სიმძლავრე 360 ცხენის ძალას აღწევს, სპორტულ რეჟიმში გადართვისას კი მცირე ხნით, 408 ცხენის ძალის მოცემაც შეუძლიათ.

ელექტრო ძრავებს ენერგიით ელემენტების ბლოკი კვებავს, რომლის ენერგოტევადობაც 95 კილოვატსაათია. ეს დაახლოებით 400 კილომეტრის გასავლელად არის საკმარისი.

150-კილოვატიანი სწრაფი დასამუხტი სისტემით, ელემენტების სრულად დამუხტვას 30 წუთი ყოფნის. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ენერგიის აღდგენის სისტემით, რომელსაც მუშაობის სამი რეჟიმი აქვს. მათი შერჩევა, საჭეზე განლაგებული ბერკეტით ხდება. ყველაზე ნაკლებად ინტენსიური რეჟიმისას, მუხრუჭის პედალის გამოყენება საჭირო არაა - ავტომობილის შენელებას მხოლოდ რეკუპერაციის სისტემა უზრუნველყოფს, რომელიც ამ დროს, ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაქსიმალურად ინტენსიური დამუხრუჭებისას, საკმარისია აქსელერატორიდან ფეხის აღება და ავტომობილი თავისით იწყებს შენელებას. ამ დროს, მუხრუჭებიც და რეკუპერაციის სისტემაც მუშაობს.

ელექტრომობილის მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ კამერებს, რომლებიც გარე სარკეებს შეცვლის. მსგავსი რამ სერიულ ავტომობილებზე ადრე არასდროს არავის გამოუყენებია. სარკეების არქონა აუმჯობესებს ავტომობილის აეროდინამიკას. კამერების მიერ მიღებული კადრები კი ორივე კარზე განლაგებულ OLED-ეკრანებზე გამოისახება.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელის ქარხანა განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მუშაობს.

მერაბ ლორთქიფანიძე