რამდენიმე მოქალაქეს უძრავი ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც ბათუმს აღმოსავლეთიდან უვლის, მთელ სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას გაივლის. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზაზე არსებული საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ სოფელ მახინჯაურის მისადგომებთან. პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მიერ ფინანსდება.

პროექტის განსახორციელებლად აუცილებელია ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა, თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, რამდენიმე მოქალაქესთან ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.

კერძოდ, საუბარია, ბათუმში, დავით ბერიძის, მავილე ველიაძისა და ნინო ბერიძის კუთვნილ 601 კვადრატული მეტრი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; 21.74 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობაზე; ასევე მათ საკუთრებაში არსებულ 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 595.87 კვ.მეტრის შენობა-ნაგებობაზე.