2018 წლის 1-21 აგვისტოს პერიოდში ყველაზე მეტი შემოსავალი „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო.
აღნიშნული პარტიის ჯამურმა შემოსავალმა აღნიშნულ პერიოდში 265 544 ლარი შეადგინა, საიდანაც საბიუჯეტო შემოსავალი 86 344 ლარი იყო, შემოწირულობა - 173 200 ლარი, ხოლო არაფულადი - 6 000 ლარი.
„ევროპული საქართველოს“ შემდგომ, ყველაზე მეტი შემოსავალი „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოზე“ მოდის - 173 420 ლარის სახით, რომელიც მთლიანად საბიუჯეტო შემოსავალია. 82 694 ლარის შემოსავალი მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის თითქმის 100% საბიუჯეტო შემოსავალს შეადგენს. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველო“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდა, რაც აღნიშნულ პერიოდში პარტიის მთლიანი შემოსავალია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში პარტიებს ძირითადად საბიუჯეტო შემოსავლები აქვთ, შემოწირულება კი „ევროპულ საქართველოს“ გარდა თითქმის არავის მიუღია.
ზემოთჩამოთვლილი პარტიების გარდა საბიუჯეტო შემოსავლები მიიღეს: „თავისუფალი დემოკრატები“ – 42 683 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 39 401 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 31 571 ლარი, „საქართველოს ქრისტიან - კონსერვატიული პარტია“ – 31 571 ლარი, „ქრისტიან - დემოკრატიული“ მოძრაობა - 20 135 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – 16 293 ლარი, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 16 293 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 20 135 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 7252 ლარი, „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 7252 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 7252 ლარი, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ – 7252 ლარი, მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის“ – 42 265 ლარი.
სულ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოსავალმა 689 015 ლარი შეადგინა.