სოფლის მეურნეობის სამინისტრომ kfw- სთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევა ვიტიმ საქართველოში აგროდაზღვევის პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევის ჩატარების ფინანსურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ფინანსური შეთანხმების თანახმად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკი გრანტის სახით 200.000 ევროს გამოყოფს კვლევისთვის, რომელიც ქვეყანაში აგროსადაზღვევო გარემოს შესწავლას ითვალისწინებს. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, აგროდაზღვევის კონცეფცია უნდა შემუშავდეს.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რესონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„აგროდაზღვევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელმაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენ უნდა შევქმნათ და ავამუშაოთ აგროდაზღვევის ისეთი სქემა, რომელიც მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება ფერმერებისა და მეწარმეებისთვის“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და გერმანიის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს წარმომადგენელი კლაუს ტანცბერგერი.