"სპეციალური პროგრამების ფარგლებში, სტუდენტების დაფინანსებისთვის 2 მილიონნახევარ ლარამდე გამოიყო"

სპეციალური პროგრამების ფარგლებში სტუდენტების დაფინანსებისთვის 2 მილიონნახევარ ლარამდე გამოიყო,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების,სპორტის და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მინისტრმა განმარტა, რომ სტუდენტების დახმარება მნიშვნელოვანია.

„ბაკალავრიატში დასრულდა ჩარიცხვები და მთავრობის დადგენილებით, დაახლოებით 2 მილიონნახევარი ლარი გამოიყო სპეციალური პროგრამების ფარგლებში სტუდენტების დაფინანსებისთვის. ესენი არიან სტუდენტები, რომლებმაც გადალახეს ბარიერი, მოხვდნენ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში და მათთვის სპეციალური მიმართულებებით მოხდება დაფინანსება. მაგალითად, მაღალმთიანი რეგიონებიდან დაახლოებით 225 სტუდენტი დაფინანსდება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან - 170, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე - 50 სტუდენტი, ასევე არიან სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან და ა.შ. საკმაოდ დიდი ჩამონათვალია და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია სტუდენტებს დავეხმაროთ ყველა საშუალებით, რომ შეძლონ სწავლის მიღება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.