ჰაკერებმა British Airways-ის 380 ათასი კლიენტის საკრედიტო მონაცემები მოიპარეს

ჰაკერული შეტევის შედეგად, ბოროტმოქმედებს ავიაკომპანია British Airways-ის 380 ათასი კლიენტის საკრედიტო ბარათების მონაცემები ჩაუვარდათ ხელში.

ამის შესახებ თავად ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა.

„უმოკლეს დროში გამოვიძიებთ ჩვენი კლიენტების მონაცემების მოპარვის ფაქტს, რომელიც ჩვენი ვებგვერდიდან და მობილური აპლიკაციიდან მოხდა. მოპარული ინფორმაცია არ შეიცავს ფრენების მარშრუტს და საპასპორტო მონაცემებს“ - აცხადებენ კომპანიაში.

British Airways-ის განცხადებით, ამ შეტევის მსხვერპლი შესაძლოა გამხდარიყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე პერიოდში მოახდინეს ბილეთების შეძენა ან დაჯავშნა, როგორც ვებგვერდიდან, ასევე აპლიკაციით. მათ უკვე გაუწიეს რეკომენდაცია, მიმართონ ბანკებს ან იმ საკრედიტო ორგანიზაციას, რომლის ბარათითაც ისარგებლეს ოპერაციის განხორციელებისას. რაც შეეხება დაჯავშნულ ფრენებს ან ნაყიდ ბილეთებს, ამ თვალსაზრისით არაფერი იცვლება და ისინი ჩვეულ რეჟიმში განახორციელებენ დაგეგმილ მგზავრობას.

კოკა კვირკველია