მიწაში დამარხული ოქროს ეფექტი - რესურსები, რომელსაც სახელმწიფო არ იყენებს

სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5,5 პროცენტამდე აწია.

ეკონომიკის ექსპერტის, ირაკლი მაკალათიას შეფასებით, აღნიშნული პროგნოზი სავსებით რეალისტური, მაგრამ არასაკმარისია.

როგორც მაკალათია აღნიშნავს, იმისათვის, რომ გვქონდეს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს, სახელმწიფომ ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი უნდა აამუშაოს, რომელიც დღეს შესაძლოა მიძინებული იყოს.

„ჩვენ გვაქვს აქტივები, რომლებსაც არ ვიყენებთ. საუბარია, აქტივებზე, რომლებიც არის სახელმწიფოს საკუთრება და რომლის ეკონომიკური ღირებულებაც ნულის ტოლია. მათ არც სახელმწიფო აწარმოებს, არც კერძო სექტორი და შესაბამისად, მიწაში დამარხული ოქროს ეფექტი აქვს. დღეს სახელმწიფო, ქვეყნის სიმდიდრის 70-80%ის მფლობელია. ეს აქტივებია:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლის 70%-ც, (მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებით) სახელმწიფო საკუთრებაა. იმისთვის, რომ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს მათი მოსახლეობაზე განკერძოებაა საჭირო.

წიაღისეული რესურსი - საქართველოში დაახლოებით 960 საბადო და ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვების გამოვლინებაა, რაც 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა. ამ აქტივებზე 61 ლიცენზიაა გაცემული, რომლებიც გარკვეულ პერიოდებს მოიცავენ. ლიცენზიის მფლობელის ინტერესში კი არ შედის, რომ მაღალტექნოლოგიური დანადგარები შეიტანოს, მისი მთავარი ინტერესია დროულად იშოვოს ფული და წიაღისეული დაბალი ტექნოლოგიით მოიპოვოს, რაც ეკონომიკურადაც არაეფექტიანია და გარემოსაც დიდ ზიანს აყენებს.

ამასთან სახელმწიფო საკუთრებაშია უამრავი სახელმწიფო შენობა-ნაგებობა, რომლებიც დღითიდღე ნადგურდება და ეს ეკონომიკური სიკეთე ქვეყანას აკლდება.

ტყის რესურსი - საქართველოში ტყის რესურსი 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაა. განვითარებული ქვეყნებში კი ტყის რესურსი არსად არ არის 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში.

სახელმწიფო საწარმო - საქართველოში 135 სახელმწიფო საწარმოა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ამ საწარმოებს რეალურად ჩვენი გადასახადებიდან ვაფინანსებთ და წაგებაზე მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, მათგან 7 საწარმო გაკოტრების გზაზე დგას.

ანუ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, ყველა ეს აქტივი კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რაც მათი საქართველოს მოქალაქეებზე უფასო გადაცემით უნდა მოხდეს. შედეგად კი მივიღებთ გაზრდილ ეკონომიკას და გამდიდრებულ მოსახლეობას ქვეყანაში,“-აღნიშნავს მაკალათია.

თაია არდოტელი