თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩის 35ბ-ში კლდე ისევ ჩამოინგრა.
როგორც ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე საპატრულო პოლიცია და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და მათი ინფორმაციით, კლდე არ ჩამოშლილა. სამსახურის ცნობით, ყიფიანის ქუჩაზე კედლის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. რაც შეეხება მშენებლობის გაგრძელებას, მათივე განმარტებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ყიფიანის ქუჩის 35ბ ნომერში კლდე მიმდინარე წლის 31 მაისს, სასტუმროს მიმდინარე მშენებლობის გამო ჩამოინგრა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა, მშენებარე კომპანიას კი მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა დაევალა.
ცნობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტერიტორიაზე სამუშაოებს კომპანია GDG+-ი აწარმოებდა, რომელიც ტერიტორიაზე 4 ვარსკვლავიან სასტუმროს აშენებდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას გასული წლის სექტემბერში მიმართა და ოქტომბერში თანხმობაც მიიღო.
„წარმოდგენილ სასტუმროს პროექტში განთავსებულია 56 ნომერი და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო დამხმარე ფართები. შენობა ნაკვეთის რელიეფისა და საკადასტრო საზღვრების რთული კონფიგურაციიდან გამომდინარე ტერასული ტიპისაა და გაყოფილია ორ ბლოკად ლანდშაფტური პაუზით. შენობაში მექანიკური გადაადგილება ხდება ლიფტებით და 2 კიბის უჯრედით. შენობაში განთავსებულია: რესტორანი, კაფე-ბარი, საბილიარდო. აქვს ავტოსადგომიც, რომლის ფართობიც 381.7 კვ.მეტრია,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
რეესტრის 2018 წლის სექტემბრის ამონაწერით, კომპანია „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +“-ს 50%-50%-იან წილს ბიძინა და ბეჟან წაქაძეები ფლობენ. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი ბიძინა წაქაძე მმართველი გუნდის შემომწირველია. კერძოდ, მან 2016 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი შესწირა.