იაპონია საქართველოს 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

იაპონია საქართველოს არასაპროექტო საგრანტო დახმარების სახით 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

ურთიერთგაცვლით ნოტებზე ხელმოწერის ცერემონია ხვალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართება. ურთიერთგაცვლით ნოტებსა და შესაბამის დოკუმენტაციას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოაწერენ ხელს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც დაესწრება.

როგორც იაპონიის საელჩოში განმარტავენ, აღნიშნული არასაპროექტო საგრანტო დახმარება გამიზნულია სამედიცინო, სოციალური დახმარების აღჭურვილობის, ასევე, სხვა მსგავსი აღჭურვილობის და მომსახურების შესაძენად. მოსალოდნელია, რომ საგრანტო დახმარების განხორციელება თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სერვისების გაუმჯობესებაში.