ტყიბულის შახტებში შრომის პირობებს საერთაშორისო ექსპერტული კომპანია DMT Group-ი შეისწავლის.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 000 ევროთი დაფინანსდება.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, კომპანიას სამუშაოების დაწყებიდან 5 კვირის ვადა მიეცემა, რათა მან შეისწავლოს ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა და შეაფასოს, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საწარმოში შრომის უსაფრთხოების დანერგვა. მინისტრის თქმით, აღდგება თუ არა შახტებში სამუშაოები, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გერმანული კომპანია DMT Group-ის დასკვნის შემდეგ მიიღებს.
“დღეს შედგა სამმხრივი პარტნიორობის კომისიის მორიგი შეხვედრა, რომლის დღის წესრიგში იყო ტყიბულის ნახშირმომპოვებელი კომპანიის ინფრასტრუქტურის შეფასება შრომის უსაფრთხოების მხრივ. ის დრამატული მოვლენები, რაც მოხდა საზოგადოებისთვის, ცნობილია და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ შეარჩიოს ისეთი კომპანია, რომელსაც საუკეთესო გამოცდილება ექნება, რომ სისტემურად შეაფასოს ამ კონკრეტული ინდუსტრიის ინფრასტრუქტურის შრომის უსაფრთხოების პირობები წინასწარ შედგენილ ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით და დადოს რეკომენდაციები დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში. რათა ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ განისაზღვროს, რამდენად შესაძლებელია, სრულყოფილი შრომითი უსაფრთხოების პირობების დანერგვა ამ ობიექტზე, მეორე - რა ფინანსურ, ადამიანურ და დროულ რესურსებთან არის ეს დაკავშირებული. ამ ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტი განახორციელებს. რაც შეეხება კომპანიას, ეს არის გერმანული კომპანია, რომელაც 140 წლიანი გამოცდილება აქვს ასეთ აქტივობებში და საერთაშორისოდ აკრედიტებული ექსპერტები ჰყავს - 75-ზე მეტი ექსპერტი ამ დარგში. ჩვენ დღესვე უკვე გადავდივართ კონტრაქტის გაფორმების პირობებზე და ამოცანაა, ეს სამუშაო რაც შეიძლება, მალე დაიწყოს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით შერჩეული 5 საერთაშორისო საექსპერტო კომპანიიდან ინტერესი სამმა გამოთქვა, საიდანაც დღეს ერთი შეირჩა. სამმხრივ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საწარმო 5 აპრილს დაიხურა. საერთაშორისო ექსპერტული ორგანიზაციის დასკვნის შემდეგ კი ცნობილი გახდება, განახლდება თუ არა სამუშაოები ტყიბულის შახტში.
5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.