„შეთავაზებების მიუხედავად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი „ოჯთ“ არ, თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას"

არაერთი შეთავაზების მიუხედავად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“ არ, თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები ასობით ათასი პენსიონერის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველისა და პედაგოგების წინაშე.

„ვერც ერთ შემთხვევაში, სახელმწიფო, მთავრობა ვერ დაუშვებს, რომ ამ ვალდებულებების შესრულებას შეექმნას საფრთხე. ასეთ საფრთხეს კი ქმნიან სწორედ ისეთი კომპანიები, როგორიც არის მაგალითად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ოჯთ“. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს საგადასახადო დავა, ეს არ არის საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულება - ეს არის გატანილი სააქციზო მარკების არგადახდის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება,“ - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, კომპანიამ 2-ჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დავალიანების გადანაწილების მიზნით, შემდგარიყო გრაფიკი.

„ორივეჯერ ასეთი გრაფიკი შედგა, თუმცა არც ერთხელ არ შესრულებულა. გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ მოგვმართა თხოვნით არ გამოგვეყენებინა იძულებითი ღონისძიებები და ეს მოთხოვნაც 11-ჯერვე დაკმაყოფილდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ვალი შემცირებულიყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა და მიაღწია 51 მლნ ლარზე მეტს. ჩვენ ვერ დავუშვებდით აღნიშნული ვალის შემდგომ ზრდას. როგორც აღვნიშნე, კომპანიასთან გვქონდა არაერთი შეთავაზება სხვადასხვა ტიპის გრაფიკზე, გვქონდა შეხვედრებიც, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.